Spotlight2014 – #1 სრულფასოვანი მიმოხილვა

შარშანდელი Spotlight2013-ის მიერ დაყენებული „მაღალი თამასის“ კიდევ მეტად აწევა ნამდვილად რთული ამოცანა რომ იქნებოდა ამას ველოდი, მაგრამ ეხლაც კი, Spotlight2014 -დან თითქმის 1 კვირის შემდეგ, არ მაქვს ცალსახა პასუხი იყო თუ არა Spotlight2014 Spotlight2013-ზე უკეთესი. რაღაც ნაწილში [საორგანიზაციო] ალბათ იყო, რაღაც ნაწილში [გამოსვლების ხარისხი] ალბათ ვერა … მოდით დასკვნა თქვენ გამოიტანეთ ქვემორე მიმოხილვიდან.

[აქვე იხილეთ Spotlight2014შეჯამება Marketer.ge-ზე, Spotlight2014ის მიმოხილვა თათა მორჩილაძის მიერ Taa.ge-ზე, ირაკლი დოლიძის მიმოხილვა Marketer.ge-ზე. სურათებისათვის მადლობა Spotlight.geს და სარეკლამო კომპანია PATIOART-ს]

 

გასული წლის დეკემბერში, Spotlight2013-ის შემდეგ ერთი ჩემი ახლობელი მეგობრულად მაკრიტიკებდა თუ რატომ არ ვისარგებლე ჩემი ნეიტრალიტეტით და არ გავაკეთე სპიკერების უფრო მკაცრი შეფასება ჩემს მიმოხილვაში. მაშინ ჩემი პასუხი იყო, რომ პირველია, შევხედოთ და ჯობია მეტი ვისწავლოთ ვიდრე ვაკრიტიკოთ მეთქი. აი ჩატარდა Spotlight2014, პირველის მაგალითზე უნდა გვესწავლა ხომ? ვისწავლეთ კი? ორგანიზატორებმა უფრო ისწავლეს თუ სპიკერებმა?

კარგი ისაა, რომ მე უკვე შემიძლია შევადარო ორი ღონისძიება; ოღონდ ჯერ მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება საკითხის მიმართ: მე მინდა შემდეგი Spotlight2015 კიდევ უფრო უკეთესი იყოს, საქართველოში მარკეტინგი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გავიდეს, ქართველი მარკეტერები უკეთ წარმოჩინდნენ, Spotlight-ზე შექმნილი ვიდეოები გამოვიყენო ჩემი სასწავლო პროგრამის ფარგლებში [ თანამედროვე მარკეტინგის მართვა ] და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდი, როცა ქვემორე მიმოხილვას ვწერდი …

 

იცნობდეთ ორგანიზატორებს

Marketer.ge დიდ საქმეს აკეთებს. იცნობთ ხომ ამ ადამიანებს? ნინო ახალაია და აკო ახალაია. დღესდღეობით ალბათ ყველაზე „მარკეტინგული“ ოჯახი საქართველოში …

spotlight2014-ako-nino

თუ ვინმეს ჰგონია, რომ Marketer.ge -სნაირი საიტის ოპერირება „ადვილია“, მას ბევრი რამ არ ესმის. მე ზუსტად ვიცი რა შრომა სჭირდება მასალების მოძიებას, სტატიების დაწერას, საიტზე დადებას, FB გვერდის მართვას და ა.შ. და რაც მთავარია აკეთო ეს სისტემატურად და ამის კეთების ფონზე კიდევ მრავალი სხვადასხვა ინტერესის დააბალანსო. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები მთელ გუნდს ამ ორი ადამიანის თამადობით ასეთი სასარგებლო საქმის კეთებისთვის.

 

Spotlight2014 სპონსორები და პარტნიორები

დიდი მადლობა ყველა სპონსორს, ვინაიდან მათ გარეშე ასეთი რამ ვერ შედგებოდა.

spotlight2014-sponsors

თქვენი მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ … როცა ღონისძიების სპონსორი ხარ, თავად სპონსორობა კარგია, მაგრამ ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად ამოწურვა სხვა თემაა, ღონისძიების შემდეგ კი „კომუნიკაციის გაგრძელება“ კიდევ სხვა. მე მგონია რომ პლატინის სპონსორს – კომპანია ბორჯომს შეეძლო გაცილებით უკეთ წარმოჩენილიყო; ACT-მ [ოქროს სპონსორი] თავისი შეთავაზება დაახვედრა ყველა სტუმარს ბროშურის სახით; ქარვასლამ [ვერცხლის სპონსორი] ყველა სტუმარს სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში ფასდაკლების ბარათები დაურიგა. თუმცა ჩემი აზრით სპონსორებს შორის ყველაზე ორიგინალურად სარეკლამო კომპანია PATIOART წარსდგა. კომპანიის დირექტორმა – გიორგი გირგვლიანმა, გარდა იმისა რომ კახა მაღრაძე [სპიკერი] სტამბოლში David Guetta-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთით დაასაჩუქრა, ასევე 350 დამსწრეთა შორის გათამაშება გააკეთა და პირველს, ვინც კომპანიის Facebook გვერდზე დასმულ შეკითხვას სწორი პასუხი გასცა, თითის მაუსი, ე.წ. „კლიკერი“ იქვე გადასცა საჩუქრად. აქვე აღვნიშნოთ, რომ სპიკერის მთავარი პრიზები PATIOART-შია დამზადებული. საერთო ჯამში მე მაინც მგონია, რომ სპონსორები უფრო გამოჩნდნენ Spotlight2014-ზე, ვიდრე წინა ღონისძიებაზე.

 

ბილეთების გაყიდვა

შარშან, Spotlight2013-ზე 50-მა დარეგისტრირება ინტერნეტით რასაც ჰქვია მოასწრო, დანარჩენები კი მოიწვიეს. ანუ დაინტერესებულ ადამიანს რეალურად ძალიან დაბალი შანსი ჰქონდა Spotlight2013-ზე მოხვედრილიყო. წელს, Spotlight2014-ზე კი 100 ბილეთი თითო 25 ლარად biletebi.ge -ს მეშვეობით გაიყიდა. 250 კი მოწვეული სტუმარი იყო. მე მომეწონა ეს სისტემა, აშკარად უკეთესი გამოდგა! ღონისძიებაზე დასწრების შანსი ჰქონდა ყველას!

 

ჩატარების ადგილი, სცენის გაფორმება და გახსნა

შერატონის სიტუაცია უფრო მომეწონა, ვიდრე ექსპოჯორჯიასი. ვინც ორივეზე იყო ან სურათებს ნახავს დამეთანხმება. თუმცა მეორეს მხრივ შერატონში ამდენ ადამიანს ვერ დაატევდი. Spotlight2014-ზე არ მომეწონა ის, რომ ეკრანზე გამოსახულება კარგად არ ჩანდა; განათებებიც ისეთი იყო, რომ სცენასთან ახლოს მყოფ დამსწრეებს თვალს ჭრიდა, ისევე როგორც პროექტორზე გაშვებულ მასალას კარგად არ აჩენდა. დარბაზის ბოლოში ვინც იჯდა ალბათ რიგიანად ვერაფერს დაინახავდა. ასევე არ ხდებოდა საჭიროების შემთხვევაში დარბაზის ჩაბნელებები, რამაც ეფექტი დაუკარგა ზოგიერთ პრეზენტაციას. გარდა ამისა ზოგი გაიყინა [ვინც კონდიციონერთან იჯდა, ზოგიც კი დაიხუთა]. ღონისძიების გახსნა შერატონში აშკარად უკეთესი იყო.

 

დრო Networking-ისათვის

ასეთ ღონისძიებაზე დასწრებისას ჩემთვის პრიორიტეტული ამოცანასწორედ რომ Networking-ია. ძალიან დიდი ხნის უნახავი ადამიანები ვნახე. მათ შორის ისეთებიც, რომლებთანაც 7-8 წელია ვკონტაქტობ და ცოცხლად პირველად ვიხილე. ახალი ნაცნობებიც ბევრი შევიძინე. განრიგში გამოყოფილი იყო პერიოდები, როცა ამის საშუალება გვქონდა. ამ პარამეტრით Spotlight2014 მომეჩვენა, რომჯობდა წინას [დრო მეტი იყო და სიტუაციაც უფრო მოსახერხებელი]. ექსპოჯორჯიას მე-3 პავილიონში 350 ადამიანი კარგად დაეტია.

 

„კოსმეტიკა“

წვრილმანებია, მაგრამ ეშმაკი ხომ ნიუანსებშია … ინსტრაგრამის პრინტერი ძალიან მოუხდა სიტუაციას, რიგი არ შეწყვეტილა; ისევე როგორც საკვებმა, კასტელის ლუდმაც გაამართლა; ტორტმა ბოლოში ხომ საერთოდ … მომეწონა, რომ ტორტი გამარჯვებულმა სპიკერმა გაჭრა.

 

Spotlight2014 მედია დაფარვა

მახსოვს პირველი სპოტლაიტის შემდეგ რამოდენიმე დღე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, არც ინტერნეტში და არც მის გარეთ. მაშინ მეტი აქცენტი ღონისძიებამდე მედია დაფარვაზე იყო. ეხლა კი მედია კამპანია აშკარად უკეთ იყო ორგანიზებული. 8 ივნისამდეც და მის შემდეგ სხვადასხვა მედია საშუალებებში შუქდებოდა Spotlight2014. დაგეგმილ კამპანიას აშკარად მხარს უბამდა მონაწილეთა გამოხმაურებები. სპიკერები ტელე და რადიო გადაცემებში მიიწვიეს. ანუ მედია დაფარვის მხრივ პროგრესი აშკარად იგრძნობოდა. რამე გინდათ ამ თემაზე თქვათ? გამოიყენეთ ჰეშტეგი #Spotlight2014.

 

გამოსვლები: საერთო შეფასება

საჯარო გამომსვლელს სამი მიზანი უნდა ჰქონდეს: პირველ რიგში ის უნდა „შევიდეს“ თემაში; მეორე – თემა უნდა შეიყვანოს საკუთარ თავში და ბოლოს … თემა შეიყვანოს აუდიტორიის გულში. ეს Alexander Gregg-მა თქვა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთმა სპიკერმა ეს ძალიან კარგად მოახერხა. თუმცა ზოგმა ვერა. მე ყველა სპიკერს ყურადღებით მოვუსმინე, ჩანიშვნებს ვაკეთებდი, თითოეულის დრო დავინიშნე და ყველა სიტყვას გააზრებულად ვწერ. თუმცა ჩემთვის მთავარი სხვაა: რა მივიღე/ვისწავლე ამ გამოსვლისგან? როგორც წესი სწორედ ამ კუთხით ვიხილავ გამოსვლებს, მაგრამ განსხვავებით პირველი Spotlight-ისა ამჯერად თავად გამოსვლის ხარისხს გვერდს არ ავუვლი.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს … ვისთვის კეთდება გამოსვლა რეალურად? ვისზე უნდა გააკეთოს გათვლა Spotlight-ზე გამომსვლელმა პირველ რიგში? იქ მყოფ 350 სტუმარზე თუ ყველაზე ვინც მათ გამოსვლას ინტერნეტით ნახავს? როგორია მსმენელის პროფილი?

თუ გადავხედავთ Spotlight-ის მიზნებს მაშინ ჩემი მოკრძალებული აზრით Spotlight-ზე გამოსვლა უფრო უნდა გათვლილი იყოს საშუალო ქართული ორგანიზაციის საშუალო მარკეტერზე. ყოველი გამოსვლა უნდა იყოს ერთგვარი „მიმმართველი“ ისარი, რომელიც მარკეტერს „გაახედებს კონკრეტული მიმართულებით“, შესთავაზებს მას იდეას/თემას/სათქმელს [ქვემოთ გამოვიყენებ სიტყვა point-ს] და მოუყვანს დასაბუთებას. იქნება ეს სიახლის შეთავაზება, ინსპირაცია, დაფიქრება, ქმედების პროვოცირება, ზემდგომი „ჩაქუჩის“ დარწმუნების ხერხი თუ რამე სხვა. მთავარია 13 წუთში სპიკერმა თავის სტილში ეფექტურად თქვას ერთი მთავარი point სათანადო დასაბუთებით.

 

1. დავით გელაშვილი, Borjomi

გამოსვლის თემა: ბორჯომი, ახალი სიცოცხლე

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 17:10-17:22 > 12 წუთი

Davit Gelashvili

დავითი ძალიან გამოცდილია იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ეს იყო ბორჯომის, როგორც ბრენდის გაცოცხლების შესახებ ძალიან კარგი პრეზენტაცია, რომელიც ისტორიიდან დაიწყო და მომავალს გადაწვდა. ამ პრეზენტაციას ნამდვილად გაამდიდრებდა იუმორი, აუდიტორიის მეტი ჩართულობა, მეტი ემოცია და ღიმილი სცენაზე, საკუთარი ძლიერი და ნათელი point-ის მოყვანა და მისი დასაბუთება თუნდაც საკუთარი მაგალითებით.

 

2. Gary Koeb, TBC Bank

გამოსვლის თემა: Transforming Georgian Brands from Good to Great

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 17:23-17:36 > 13 წუთი

Gary Koeb

Gary-ს პრეზენტაცია აერთიანებდა შინაარსს, იუმორს, ქართულ-ინგლისურის კომბინაციას, ანეგდოტებსაც კი. მას აშკარად კარგად ეხერხება აუდიტორიასთან საუბარი. რეალურად ეს იყო 3 მუშკეტერის ქეისის პრეზენტაცია, თან იმდენად ტექნიკური და ინფორმაციით დატვირთული, რომ 13 წუთში გასაგები ცოტა იქნებოდა იმ გრაფიკებიდან, რომლებიც რიგიანად არც კი ჩანდა ეკრანზე.

 

3. ბაჩო მებურიშვილი, BetterFly

გამოსვლის თემა: სტერეოტიპები

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 17:36-17:49 > 13 წუთი

Bacho Meburishvili

ეს იყო ძალიან შთამაგონებელი გამოსვლა! ერთადერთი გამოსვლა, რომლის დროსაც მართლა დამბურძგლა, ოღონდ სიცივისგან არა [სარეკლამო რგოლის პრემიერის დროს]. ბაჩომ პრაქტიკულად კანის ლომების „მწყემსი“ შემოიყვანა დარბაზში და მისი ექსკლუზიური მისალმება მოგვასმენინა [ეს ხუმრობა საქმე არაა]. ეს იყო ნამდვილი გამოსვლა კონკრეტული თემით, რომელიც დამაჯერებლად და დასაბუთებულად მოიტანა ჩვენამდე. იყო ღიმილიც, იუმორიც, ცოტა ნერვიულობაც [რაღაც მომენტში კინაღამ დაღუპა კიდეც ამ ნერვიულობამ]. აშკარად ჩანდა, რომ ბაჩომ ყველაფერი ჩადო, რომ უმაღლესი ხარისხის გამოსვლა გამოსულიყო და გამოვიდა კიდეც!

 

4. ნიკა გვენცაძე, Geocell

გამოსვლის თემა: კრეტივი და ბიუჯეტი

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 17:49-18:01 > 12 წუთი

Nika Gventsadze

კლასიკური გამოსვლა, სადაც დაისვა point და სხვადასხვა მაგალითებით მოხდა მისი გამყარება. ნიკამ Geocell-ის კამპანიები, იუმორი, დარბაზის ჩართულობა და სხვა არგუმენტები ერთად „მოხარშა“ და მათი მეშვეობით მთავარი სათქმელი მშვენივრად თქვა, ამით კი რამოდენიმე კურდღელი დაიჭირა. ეს იყო სწორედ იმ ტიპის გამოსვლა, რომელსაც ველი ხოლმე Spotlight-ზე.

 

5. ირინა დუმბაძე, ACT

გამოსვლის თემა: ტურისტულიქვეყანა

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 18:01-18:15 > 14 წუთი – გადაცდა დროს

Irina Dumbadze

ირინას ჰქონდა თავისი ქეისის პრეზენტაცია. რეალურად ეს იყო ძალიან ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც უფრო შეესაბამებოდა საგანმანათლებლო გარემოს. დიდი მოცულობის ინფორმაციის გადმოცემა სრულად ვერ მოხდა გამოყოფილ დროში. პრეზენტაციას ნამდვილად გააუმჯობესებდა აუდიტორიის ჩართულობა, იუმორი და მეტი ღიმილი.

 

6. დავით ბირმანი, Bank of Georgia

გამოსვლის თემა: #OtherMarketing

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 18:15-18:30 > 15 წუთი – გადაცდა დროს

Davit Birman

ეს იყო გამოსვლა კონკრეტული point-ით, რომელიც ითქვა გასაგებად, დასაბუთებულად და დავითისთვის დამახასიათებელი იუმორით. ცოტა დროს კი გავცდით, მაგრამ დავითს ეტყობოდა, რომ მას სათქმელის თქმა უფრო ჰქონდა მიზნად, ვიდრე შოუს გაკეთება. ეფექტი ხომ შეამჩნიეთ? შეამჩნიეთ როგორ მიაწვა ხალხი ჰეშტეგ #Spotlight2014 -ს? ეს ის შემთხვევაა, როცა ნასწავლი აუდიტორიამ იქვე, ღონისძიების პროცესშივე გამოიყენა.

 

7. თინათინ სტამბოლიშვილი, GPIH

გამოსვლის თემა: ძაღლური ინტუიცია

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 19:21-19:36 > 15 წუთი – გადაცდა დროს

Tinatin Stambolishvili

უნდა გამოგიტყდეთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ Mr. Rex-ს Facebook-ში დამეგობრებაზე უარი ვუთხარი. რა ვქნა, მხოლოდ „ნამდვილ“ ადამიანებს ვიმატებ. ფაქტიურად ეს იყო ქეისის პრეზენტაცია, მაგრამ არასრული პრეზენტაცია. მთავარი point არის შემდეგი: ხანდახან უნდა გაბედო, რომ სიახლე გააკეთო … იყო იუმორიც, აუდიტორიის ჩართულობაც. აჯობებდა ეს ძალიან მაგარი point უფრო ნათლად წარმოდგენილიყო და საკუთარი ქეისი მხოლოდ სათქმელის დასასაბუთებლად გამოყენებულიყო და არა პირიქით.

 

8. კახა მაღრაძე, GEPRA

გამოსვლის თემა: რას ვუშვებით ამ მთავრობას?

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 19:36-19:52 > 16 წუთი – გადაცდა დროს

Kakha Maghradze

კახამ პირველი 6 წუთი თვითწარდგენაზე დახარჯა, დარჩენილი დრო კი საკითხის გასაშლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა რა მაგარი რეალური ქეისი ჰქონდა. ფაქტია, რომ ეს იყო ქეისის პრეზენტაცია. იუმორი, აუდიტორიის ჩართულობა, ღიმილი – იყო ბლომად, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კახას გაცილებით მეტი შეეძლო. ფაქტი ისაა, რომ გენერალური სპონსორის – სარეკლამო კომპანია PATIOART-ის სერიოზული პრიზი დაიმსახურა – ბილეთი David Guetta-ს კონცერტზე სტამბოლში.

 

9. ნათია კვაჭანტირაძე, Wissol Group

გამოსვლის თემა:ფიქციის როლი მარკეტინგში

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 19:55-20:10 > 15 წუთი – გადაცდა დროს

Natia Kvachantiradze

ძალიან ბუნებრივი, სახალისო, ინტერაქტიური, იუმორით და სიცოცხლით სავსე გამოსვლა, რომლის მომზადებაში აშკარად უდიდესი ენერგია ჩაიდო. ნათიამ „ბრტყლად“ კი არ შემოგვთავაზა ვისოლის, Wendy’s, და Smart-ის ქეისები, არამედ „გაატარა“ ისინი მაგალითებში იმ ძირითადი point-ის გასამყარებლად, რის სათქმელადაც სცენაზე ავიდა. უნიკალური ინტერაქტიური პრეზენტაცია, რომლის მომზადებაც აუდიტორიამ დააფასა. ერთადერთი მინუსია, რომ დროს გაცდა, მაგრამ ესეც ტექნიკური პრობლემის ბრალია, რომელიც კლიკერს შეექმნა. აუდიტორიის აღიარებაც დაიმსახურა და საუკეთესო სპიკერის სტატუსიც მოიპოვა.

Natia Kvachantiradze

 

10. ირაკლი საღინაძე, ფორმულა კრეატივი

გამოსვლის თემა: ძალიან იაფი, მაგრამ უზომოდ ხარისხიანი ნაჯახით ჩადენილი მკვლელობის ქრონიკა

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 20:10-20:20 > 10 წუთი

Irakli Saghinadze

ირაკლიმ პირველივე წინადადება ისეთი თქვა, მე მგონი ყველა დააბნია იმ მომენტში. ეს აშკარა გამოწვევა იყო, მაგრამ ჩემი აზრით საჭირო! ბევრმა მართლა არ იცის ეს თემა, უფრო ჰგონია, რომ იცის. ირაკლის ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, ცოტა მოუმზადებელი, მაგრამ ნათლად ახსნა ის, თუ როგორი უნდა მოხდეს პროდუქტის განთავსება ფილმში უკეთესად. თავისი point გაამყარა თავისივე რეალური მაგალითებით.

 

11. თათა მორჩილაძე, Newlight

გამოსვლის თემა:გონების 3 ვიტამინი

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 20:20-20:33 > 13 წუთი

Tata Morchiladze

თუ რამე აქცევს გამოსვლას განსაკუთრებულად, ეს პირველ რიგში არის სპიკერის საკუთარი ისტორია, რომელსაც ემოციურად იტყვი, განაზოგადებ და მისით მთავარ point-ს გაამყარებ. თათამ თავისი სამი ისტორია 3 სუპერ ვიტამინით შეგვიჯამა, თუმცა ისე ინერვიულა, რომ ხუმრობა კი არა ღიმილითაც არ გაუღიმია სცენაზე. ძალიან დიდი ენერგია ჩადო მომზადებაში და შედეგიც აშკარად მიიღო ბოლოში ტაშის გრიალის სახით. ეს ალბათ ყველაზე „პირადი“ გამოსვლა იყო Spotlight2014-ზე. წითელმა ვაშლმაც გააკეთა თავისი საქმე.

 

12. ირაკლი კაკაბაძე, TV11

გამოსვლის თემა:კაზაჩოკები

დაწყება-დასრულება-ხანგრძლივობა: 20:33-20:46 > 13 წუთი

Irakli Kakabadze

ამდენი იუმორი და ტაშში შეზავებული აუდიტორიის სიცილ-ხარხარი არც პირველ და არც მეორე Spotlight-ზე არ მომისმენია ერთი გამოსვლის განმავლობაში. ირაკლიმ თავისი იუმორის ნიჭით ნამდვილად გააცოცხლა დღის ბოლოს ღონემიხდილი საზოგადოება. პირადი ისტორიით დაიწყო და მთავარი point დასაბუთებულად წარმოადგინა! ძალიან მაგარი გამოსვლა იყო. ნამდვილი კაზაჩოკების ჩვენებამ კი საერთოდ „დახურა“!

 

ძვირფასო სპიკერებო, გახსოვდეთ დეილ კარნეგის ფრაზა: “There are always three speeches, for every one you actually gave. The one you practiced, the one you gave, and the one you wish you gave.” მორალს მიხვდით ჰო?

 

კრიტიკა Spotlight2014-ის ზოგიერთ სპიკერს

14 სპიკერიდან 2 არ გამოვიდა სცენაზე. არ ვიცი რა იყო რეალური მიზეზი, მაგრამ ვიცი ის, რომ 350 სტუმარი იქ 14 სპიკერს ელოდა. ეს დააკლდა ღონისძიების ხარისხს. მე, როგორც ერთ-ერთი იმ აუდიტორიიდან, ამ ორი ადამიანისგან სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს მარტივ შეკითხვაზე: რატომ არ იყავით სცენაზე ბატონებო?

პატივცემულო სპიკერებო, 350-ზე მეტ სტუმართან ერთად აუდიტორიაში ყოფნისას ბნ. რობაქიძისგან შეიძლება მივიღო ის „ბოლი“ [ფოკუსები], რასაც გვთავაზობდა [ეს მისი ხელობაა, ილუზიონისტია და ძალიან მაგარია ამ საქმეში], მაგრამ იგივე „ბოლს“ ვერ მივიღებ სპიკერისგან. მე მგონი სპიკერს მინიმუმ ის მაინც მოეთხოვება, რომ ამ კონკრეტული ღონისძიებისათვის გაწეული შრომა დაგვანახოს [ზოგიერთს ეხება];

“90% of how well the talk will go is determined before the speaker steps on the platform.” – Somers White. მე აშკარად დავინახე, რომ ბევრ გამოსვლას მომზადება/ვარჯიში აკლდა [როგორც გამოსვლას რა თქმა უნდა, გამოსვლის მომზადება სხვაა და პრეზენტაცია კიდევ სხვა]. პატივცემულო სპიკერებო, ორგანიზატორებმა ხომ შემოგთავაზეს რეპეტიცია? რატომ არ იყო იქ თქვენი უმრავლესობა? ვინც მივიდა „რეპეტიციაზე“ 4 ივნისს, მან თვალსაჩინო შედეგიც მიიღო … გაიკითხეთ … ;

 

რეკომენდაციები ორგანიზატორებისათვის

სპიკერის შერჩევისას და მათ მიერ თემების შერჩევისას კარგად არის შესამოწმებელი აქვს თუ არა „სათქმელი“ მას და შეუძლია თუ არა იმ სათქმელის „თქმა“. მიუხედავად ცოდნისა და გამოცდილებისა გამოსვლის მომზადება აბსოლუტურად სხვა თემაა, სხვა მიზნებისთვის ადრე გაკეთებული „ბრტყელი“ პრეზენტაციის “გადმოკატავება” კი სხვა. 4 ივნისს ჩატარებული რეპეტიცია როგორც ჩანს საკმარისად სერიოზულად არ აღიქვა გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა. მე ვისურვებდი, რომ მომზადებას ცოტა მეტი ყურადღება დაეთმოს. ასევე საფიქრალია სპიკერის ამოვარდნის შემთხვევაში მისი ჩანაცვლების შესაძლებლობაც;

სპიკერი, რომელიც გამოყოფილ დროში [13 წუთში] ვერ ეტევა, არ უნდა იქნას განხილული კანდიდატადაც კი საუკეთესო სპიკერის ტიტულზე. 8 ივნისს გამოსული სპიკერებიდან 12 სპიკერიდან 5 ადამიანი დროში ვერ ჩაეტია. დროში ვერ ჩატევა მოუმზადებლობას უდრის, მოუმზადებლობა კი არ უნდა წახალისდეს;

ერთი ორგანიზაციისგან ორი სპიკერი – ეს შეცდომა მომავალში არ უნდა დაუშვათ. ხალხი თუ არ ლაპარაკობს ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ხვდება;

მედია დაფარვის დროს [post] ბიზნეს კონტაქტში მაგალითად აქცენტს აკეთებდნენ ბიზნესის განვითარებაზე და ამ კუთხით წარადგენდნენ ღონისძიებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Spotlight პირველ რიგში არის მარკეტინგული ღონისძიება და სწორედ ამას უნდა გაესვას ხაზი ყოველ მედია დაფარვაში;

წამყვანის როლი: მე გთავაზობთ სპიკერის გამოსვლამდე ისეთი 1 წუთიანი შესავალი გააკეთოს წამყვანმა, რომ სპიკერს თავისი თავის წარდგენა აღრ დასჭირდეს. რიგიან წარდგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სერიოზული მომზადება სჭირდება;

Spotlight2013 -სა და Spotlight2014-ს შორის სერიოზული წინსვლები ნამდვილად დავინახე საორგანიზაციო კუთხით. თვითონ უკეთ იცით დეტალები. მიაწექით!

 

გამოხმაურება

 

ამჯერად chillout-ს ვუსმენდი სტატიის წერის დროს და შეიძლება მაგიტომაც მაქსიმალურად მიუკერძოებლად დავწერე ყველა სიტყვა … დანარჩენი კი ჩვენი საერთო მეგობრების FB პოსტებმა თქვან [თავს უფლებას ვაძლევ საჯაროდ დადებული პოსტები წყაროს მითითებით მოვიყვანო] … 

 

კომენტარი 1

comment 1

კომენტარი 2

comment 2

კომენტარი 3

comment 3

კომენტარი 4

comment 4

კომენტარი 5

comment 5

კომენტარი 6

comment 6

 

რამე ხომ არ გამომრჩა?

 

 

 

კომენტარი

Jun 15 2014 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags: ,

2 COMMENTS
  1. ტარიელ, ეს შეფასება წინა შეფასებისაგან განსხვავებით გაცილებით ფართო და უფრო მომცველი გამოვიდა.
    ასევე წინა მიმოხილვა გაცილებით ემოციურ ფონზე იყო დაწერილი, ვიდრე წინამდებარე, რაც უკეთესია 🙂
    ყველაზე უფრო კი ის მომწონს, რომ არის შენის სახით პროფესიონალი, ვისაც ჩატარებული მარკეტინგული ღონისძიების შესახებ ანალიზის გაკეთება შეუძლია. ამგვარი დეტალური განხილვა არაფრით არ ჩამოუვარდება Spotlight2014-ზე გამოსული სპიკერების თემატიკებს 🙂
    კარგია, კარგი…

    შალვა 3 years ago Reply
  2. დიდი მადლობა შალვა,
    ჩემთვის ასეთი შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს 🙂

    Tariel Zivzivadze 3 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.