Relocation in Georgia, Tbilisi – დისტანციური სემინარი

cartuscorporation

წარმოიდგინეთ უცხოელი, სერიოზული მენეჯერი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად გადმოდის ფრიად სოლიდურ კომპანიაში სამუშაოდ, მაგრამ ჯერ არავის იცნობს. მას სურს გაერკვეს სად მოდის, რა „ქუდი დაიხუროს“, რა ბიზნეს გარემოში მოუწევს საქმიანობა, რა ხალხთან მოუწევს ურთიერთობა, და ა.შ. რა პირველი ნაბიჯი შეიძლება გადადგას მან?

relocation services – საცხოვრებელი და/ან სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული მომსახურება დიდი ბიზნესია მსოფლიოში. ამ სფეროში მოღვაწე კომპანიათა შორის Cartus Corporation -სთან 2013-ში მქონდა პირველად ურთიერთობა. მომძებნეს ინტერნეტით რა თქმა უნდა. ჩვენი თანამშრომლობის ამოცანაა მათ კლიენტებს, რომლებიც საქართველოში გადმოდიან, ავუხსნათ აქაური „ანა-ბანა“.

დისტანციური სემინარი 1.5 საათი გრძელდებოდა და იგი 2014 წლის 27 ივლისს შედგა. კი მართალია მას შემდეგ 4 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ძალიან მინდოდა დამეწერა ამის თაობაზე.

ორ ნიუანსს გავუსვამდი ხაზს:

1. უნიკალური თემაა საქართველოში ბიზნესის ეფექტურად წარმოების ნიუანსები აუხსნა უცხოელს, ბრიტანელს. როგორ უნდა წარმართო ბიზნესი ეფექტურად? რა სამი წამყვანი ელემენტი ახდენს გავლენას ქართულ ბიზნეს პრაქტიკაზე? როგორ უნდა ააგო ეფექტური ურთიერთობები? კარგ ლიდერს რა უნდა ახასიათებდეს? როგორია დაქვემდებარებულისა და მენეჯერის ურთიეთობა? რა არის ეფექტური გუნდის მახასიათებლები? როგორ მიიღება გადაწყვეტილებები? როგორ ჯობია მოლაპარაკებების წარმოება? უმოკლეს დროში მომზადდა პრეზენტაცია და მაგალითების საფუძველზე მეტად სასარგებლო დისტანციური სემინარი შედგა;

2. დამკვეთი ლონდონში, მოდერატორი ნიუ იორკში, მე თბილისში … მშვენივრად ვისაუბრეთ ტელეფონით. საქმის გაკეთება თუ გინდა დღეს ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობს;

აშკარაა რომ საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკაში მსგავსი ორიენტაციები სულ უფრო საჭირო ხდება. როცა სამუშაოდ გადადიხარ გარემოში, რომელიც შენთვის უცხოა, წინასწარ ცდილობ გაერკვე ნიუანსებში და მოემზადო. Cartus Corporation სწორედ მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი. დიდი მადლობა კომპანიას ნდობისა და პარტიორობისათვის.

ეწვიეთ კორპორაციის საიტს. თუ თვლით, რომ თქვენი ექსპერტიზიდან / გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ადგილობრივ ექსპერტად ითანამშრომლოთ მათთან დაუკავშირდით, ან მე დაგაკავშირებთ.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.