GAME JAM II / გეიმ ჯემი II – მიმოხილვა

Game Jam II

 

შესანიშნავად ორგანიზებული cgfest-ის შემდეგ Game Jam II [გეიმ ჯემი II] თუ ასეთი ორმაგი ანშლაგით ჩაივლიდა მე კი არა ალბათ ორგანიზატორებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. ეს იყო სრული FULLHOUSE ყველა გაგებით! ძალიან ვისიამოვნე მონაწილეობის შედეგად, ბევრი ძველი მეგობარი ვნახე [ზოგიც “ცოცხლად” პირველად ვნახე], ახალიც ბევრი გავიცანი და რაც მთავარია ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებით მივიღე ინფორმაცია. ამ სტატიაში გადავწყვიტე ჩემი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ …

 

არის თუ არა ეს fullhouse?

Game Jam II

ნეტა ვისი დამსახურებაა?

რა თქმა უნდა მონაწილეების პირველ რიგში! თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ თანაორგანიზატორების, პარტნიორების და მხარდამჭერების გარეშე ასეთი რამ ვერასოდეს შედგებოდა. მუხტი დიდი რომც იყოს, მას წარმართვა სჭირდება. ამიტომ ყველას მადლობა! მინდა აღვნიშნო GITAსაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო  -ს მხარდაჭერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია IGDA Georgia-ს როლი. ერთად გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება! აქცენტი ღონისძიებების მოწყობაზე, შესაძლებლობების შექმნაზე და სტიმულირებაზე სწორად არჩეული გზაა. საქართველოში დიდი ინოვაციური მოძრაობაა დაწყებული და ვფიქრობ იგი კიდევ უფრო ძლიერდება. აი დასტურიც:

IGDA-Georgia

 

რა იყო გეიმ ჯემი II?

ეს იყო თამაშების მოყვარული/დამფასებელი ყველა სეგმენტზე გათვლილი 3 დღიანი მოვლენა, რომელიც აერთიანებდა 5 ძირითად კომპონენტს: 1) სპიკერ სესიები, 2) ჰაკათონი, 3) შეჯიბრი კომპიუტერულ თამაშებში, 4) საქართველოში პირველი cosplay და 5) ვიქტორინები. მაგიტომაც ჰქვია ამას “ჯემი” … სპიკერთა სესიებისას მცოდნე ადამიანებისგან შეიძლებოდა სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება; ჰაკათონის დროს გუნდებმა წინასწარ შერჩეულ თემაზე [წყალქვეშა სამყარო] თამაშები შექმნეს, რომლებიც შემდგომ ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა; ჩატარდა შეჯიბრი კომპიუტერულ თამაშებში, სადაც ასევე გამოვლინდა 3 გამარჯვებული; საქართველოში პირველი cosplay თუ არ გინახავთ, ესე იგი ბევრი დაკარგეთ.

ამ ხუთი კომპონენტისგან თამაშეებში შეჯიბრზე განსაკუთრებული სათქმელი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ კომპიუტერული თამაშების შეჯიბრში 3-მა ადამიანმა გაიმარჯვა, რომლებიც დაჯილდოვეს. კოსპლეისთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი მეგობრების სრულფასოვანი პოსტი Ideahub.ge-ზე – ყველაზე დიდი cosplay საქართველოში; ქვემოთ მე მინდა შევეხო ვიქტორინას, სპიკერთა სესიებს და თავად ჰაკათონს.

 

ვიქტორინები

ვიქტორინებით აუდიტორია ძალიან „ხურდებოდა“. ყველა აქტიურად მონაწილეობდა. ვიქტორინის გამარჯვებული ჟიურიში დამსახურებულად დაჯდა და ჰაკათონის მონაწილეებს აფასებდა. მართლა საინტერესო რამე გამოდგა …შევამჩნიე, რომ შეჯიბრი იყო არა გამოცნობაში [სკრინის, მუსიკის], არამედ ხელის აწევის დასწრებაში. ფაქტიურად დარბაზში ყოველთვის იყო ერთი ადამიანი მაინც, რომელმაც შეკითხვის პასუხი იცოდა. ჰოდა შევთავაზე ორგანიზატორებს ეჩვენებინათ სკრინები თამაშიდან, რომელსაც 5-ე წელია ვთამაშობ [როცა დრო მაქვს], მაგრამ საქართველოში საერთოდ არაა პოპულარული [არადა სუპერ MMO RPG real cash economy სტრატეგიული თამაშია]. არ გამიმართლა, რომ შეკითხვის დასმის მომენტში იქ არ ვიყავი … ვერცერთმა გეიმერმა ვერ გამოიცნო … ეს იყო Entropia Universe.

 

სპიკერთა სესიები

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სპიკერს, ვინაიდან მათი მეშვეობით აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა ღრმად „შეეჭყიტა“ თამაშების სამყაროში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე არის დაგროვილი წარმატებული გამოცდილება კომპიუტერული თამაშების შექმნის მიმართულებით. გიორგი ოთიაშვილის გამოსვლისგან ნათლად დავინახე თუ რა ხერხებით ხდება თამაშების მონეტიზაცია, ვიქტორ წიკლაურისგან ანიმაციის ისტორია მოვისმინე, სანდრო გახოკიძისგან ბევრი საინტერესო გავიგე indie თამაშების შესახებ და არა მხოლოდ, თემო ქოქიაშვილისგან გავიგე როგორ იქმნება 3D მოდელები და როგორ იკინძება ყველაფერი პროგრამისტის მიერ, დავით კიკნაველიძისგან გავიგე თუ რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას თამაშის პერსონაჟის, გარემოს და UI-ს შექმნისას, ბესო კაჭარავასგან გავიგე თუ რა მნიშვნელობა აქვს ხმას თამაშში, ზვიად ბარათაშვილის გამოსვლიდან ნათელი გახდა რა როლი აქვს Art-თან დაკავშირებულ ოპტიმიზაციებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ რამეში: თამაშის შექმნა მრავალფუნქციური გუნდის მრავალი წევრის უდიდეს შრომას მოითხოვს და ადამიანს მაგრად უნდა გიყვარდეს ეს სფერო, რომ ეს საქმეში ჩაერთო!

მე პირადად 16+ წელია სტრატეგიულ ბიზნეს სიმულაციებს ვქმნი და ვატარებ და თან http://bstrat.ge -ზე ვაშუქებ. სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია იმავდროულად თამაშიც არის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო მიზნები აქვს, ანუ მისი მეშვეობით მონაწილე ეუფლება მაგალითად ბიზნესის მართვას, მარკეტინგს და ა.შ.. მადლობა ორგანიზატორებს, რომ შანსი მომეცა და სწორედ ეს 16+ წლიანი გამოცდილება გავაზიარე ჩემს გამოსვლაში – „სასწავლო თამაშები & სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციები“. ვიდეო როგორც კი იქნება, მაშინვე დავდებ.

 

ჰაკათონი

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საქართველოში ჰაკათონები რომ დაიწყო მეგონა რაღაც პროგრამირებასთან და ჰაკერობასთან იქნებოდა კავშირში და არ დავინტერესებულვარ. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჰაკათონისას თამაშებს ქმნი [კი გამიკვირდა ისე]. ეხლა კი დავრწმუნდი, რომ ეს საქმეა ნამდვილად საჩემოა! თამაშების შექმნას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც სპიკერ სესიებისას და pitch-ების დროსაც დავინახე. 23 გუნდის pitch მოვისმინე. ამათგან ზოგი თამაშის იდეა ძალიან ორიგინალურიც მეჩვენა. ჩემის მხრივ დავინახე შესაძლებლობა, რომ მომავალ ჰაკათონზე გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა … მით უმეტეს საჭირო გამოცდილება მაქვს და იდეებიც არ მაკლია ხოლმე. თუ ამას კითხულობთ და ჩემნაირი ადამიანი გჭირდებათ გუნდში, არ მოგერიდოთ… დამიკავშირდით …

ჰაკათონზე მგონი 40-მდე გუნდი დარეგისტრირდა, მაგრამ ჟიურის წინაშე pitch მხოლოდ 23-მა გაბედა. გუნდები აშკარად განსხვავდებოდნენ გამოცდილებითა და კვალიფიკაციით. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანი გამარჯვებულია! მათ ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს. პირველ ადგილზე გუნდი „კაკადუ“ გავიდა, მეორეზე X-Com, ხოლო მესამეზე – Meaning of Stonehenge. ნამდვილად არ მახსენდება პრიზები რა იყო, მაგრამ არა მგონია პრიზებისთვის მოსულიყო ვინმე ჰაკათონზე. აი ჟიურიც:

gamejam2-jury

გამოხმაურება?

ინებეთ … [ავიღე აქედან – https://www.facebook.com/groups/577081799043309/ ]

 

პირველი კომენტარი

gamejam2-comment1

აი კიდევ

gamejam2-comment2

და კიდევ ერთი

gamejam2-comment3

 

 

რა იქნება [უნდა იყოს] შემდეგი?

 

ლითონი სანამ ცხელია, მანამ უნდა გამოიჭედოს! ბოლო 5 თვეში დიდი საქმე აზვირთდა და დღეს უკვე სახეზეა დიდი ინტერესი, დიდი ტალღა, დიდი მოლოდინი. მიზნობრივ აუდიტორია ელის შემდეგ ნაბიჯებს. თუმცა ასევე დავინახე [განსაკუთრებით pitch-ების დროს] მონაწილეებს შორის საბაზო ცოდნის [კომუნიკაციის უნარები, პრეზენტაციის უნარები და ა.შ.] დიდი დეფიციტი [რომ არაფერი ვთქვათ „მაღალ მატერიებზე“]. მე ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპად საჭიროა სასწავლო ბანაკის ჩამოყალიბება და შემჭიდროვებული სასწავლო პროგრამის მომზადება, სადაც მოხდება გუნდების მომზადება და რეალური ნაბიჯების გადადგმა. ამის დრო დადგა! ზაფხულის გაცდენა არ შეიძლება. თან Game Jam-ის ორგანიზატორებს ეს ნამდვილად შეუძლიათ! დასაკარგი დრო არაა!

 

ერთი ვიცი ზუსტად:

ადამიანი ყოველთვის ითამაშებს!

ასე რომ შანსი შექმნას რამე მსოფლიო მასშტაბით უნიკალური, აქვს ყველას!

 

 

კომენტარი

Jun 2 2014 Tariel Zivzivadze Category: ყველა აქტივობა

Tags: , ,

2 COMMENTS
  1. ბანაკისთვის მზადება ერთი თვის წინ დავიწყეთ მთელმა გუნდმა სააგენტოსთან ერთად, ასე რომ Brace Yourselves 🙂
    იმედია, ყველა სირთულეს გადავლახავთ და ბანაკი შედგება.
    მადლობა ობიექტური სტატიისთვის (ისევ)
    ნიკა.

    cyb213 3 years ago Reply
    • ძალიან მაგარია ბანაკი 🙂
      დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ინტერესი იქნება. მთავარია კარგად დაიგეგმოს ყველაფერი …

      Tariel Zivzivadze 3 years ago Reply
standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.