ქართული ყველაფერი კარგია: 30 დღიანი გამოწვევის შეჯამება

30 დღიანი გამოწვევის შეჯამება

 

ქართული ყველაფერი კარგია!

 

ვინ დამავალა? რა გადამიხადეს? რამე პროექტია თუ რატომ ვაკეთებ ამას? რეკლამას რატომ ვუკეთებ ქართულ პროდუქტებს? ნუთუ მართლა მომწონს ყველაფერი რასაც ვყიდულობ? ეს მხოლოდ ზოგიერთია იმ შეკითხვათაგან, რომელთაც დეკემბრის თვეში ვიღებდი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ დღესაც გადავწყვიტე ქართული პროდუქტების მხარდასაჭერი რამე აქცია გამეკეთებინა და 2014 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში 30 დღიანი გამოწვევის სახით ჩემი მცირე ჩანაფიქრი განვახორციელე.

რამოდენიმე შედეგი/დასკვნა მინდა გაგიზიაროთ:

1. რას ვაკეთებდი კონკრეტულად 30 დღის განმავლობაში? პროდუქტის მოძებნა, ყიდვა, სახლში მოტანა, სახელდახელოდ მოწყობილ ფოტო სტუდიაში სურათის გადაღება, შემდეგ სურათის დამუშავება საიტისთვის, სტატიის დაწერა, თიზერების მომზადება, საიტზე სტატიის და სურათის განთავსება, ყველაფრის გაზიარება სოციალურ ქსელებში … ნამდვილად არ არის ადვილი! თუმცა არც ისე რთულია როცა ეს ყველაფერი თვითონ გეხერხება. დღეში ამას ჩემი 1 საათი მიჰქონდა;

2. 100.35 ლარი დავხარჯე სულ ამ გამოწვევის პერიოდში ქართული პროდუქტების შესყიდვაში. რაც არ მიყიდია ქართული პროდუქტების გამოფენაზე მაჩუქეს. ვყიდულობდი იქ, სადაც გადავაწყდებოდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე რთული ამ პროცესში ძებნის პროცესი აღმოჩნდა. მინდოდა 30 სხვადასხვა ქართული კომპანიის 30 სხვადასხვა პროდუქტი მეყიდა. ეს კი სულაც არ აღმოჩნდა ადვილი საქმე. თუმცა ისეთი რამეები აღმოვაჩინე რომ … აი მაგალითად, იცოდით ქართული სიგარის არსებობის შესახებ?

3. პოტენციურად 400 ლარზე მეტი დოვლათის შექმნას შევუწყე ხელი ამ ერთი ციდა გამოწვევის განხორციელებით. როგორ? აქ ჩემი ანალიზი მაქვს. შეჯამების სახით ასე ვიტყვი: მე რომ ეს თანხა იმპორტირებულ პროდუქტში დამეხარჯა, მაქსიმუმ 25 ლარამდე ღირებულების დოვლათის შექმნას მოვახდენდი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შესყიდვის შემთხვევაში ჩემს მიერ გაკეთებული ინვესტიცია პოტენციურად 16-ჯერ მეტია. ეს ანალიზი ძალიან კარგად გავშალე სემინარზე მე ინვესტორი, რომელიც 22 დეკემბერს ჩავატარე;

4. გამოხმაურება? ფაქტი: საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ესმის თუ რა ძალაა მის ხელში და ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ქართული ბიზნესების მხარდაჭერას მათი პროდუქტების შესყიდვის გზით. მთავარი პრობლემა აქ შემდეგია: ქართული პროდუქტის ყიდვა საამაყო არ არის! თუმცა გამოწვევის პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვისთვისაც ეს თემა თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა და ეს ძალიან მაიმედებს!

5. გაგრძელება იქნება? კიდევ ვიტყოდი ვებსაიტის მზარდი სტატისტიკისა და მისი გატეხვის გახშირებული მცდელობების შესახებ, ჩანიშნული ძალიან საინტერესო იდეების შესახებ, დამყარებული ახალი კონტაქტების შესახებ და ა.შ., მაგრამ მხოლოდ ერთზე გავჩერდები: ვერ წარმოიდგენთ რა აზარტი სდევდა ამ გამოწვევის განხორციელებას. მთელი ოჯახით ვიყავით ჩართული პროცესში. და მე მინდა ეს პროცესი გაგრძელდეს. სულ მალე ალბათ გავაანალიზებ გაგრძელების შესაძლებლობებს და შემდეგ ნაბიჯსაც გადავდგამ. აქ კი მარტო ალბათ უკვე აღარ ვიქნები.

 

ქვემოთ იხილეთ 30-ვე დღის პროდუქტი:

დღე #30 – ახაშენი, ბადაგონი

დღე #29 – მიტარბი, IDS Borjomi Georgia

დღე #28 – ქართული წინდა

დღე #27 – შავი ბაიხის ჩაი ჩიბათი, კოოპერატივი ჩიბათი

დღე #26 – მონადირული, მითანა

დღე #25 – მარცვლეულის ფქვილები, ბაია-ფუდი

დღე #24 – შავი ჩაი შემოქმედი, მილმართი

დღე #23 – დათუნია თაფლი, მაჭახელა

დღე #22 – დიეტური ხრამუნა პური, თეგი

დღე #21 – ასკილის წვენი, BPC

დღე #20 – მანდარინის მურაბა, თიემთი

დღე #19 – ჩირკოლადი

დღე #18 – კონსერვი, ბაზი

დღე #17 – ნამცხვარი მედოკი, ტკბილი ქვეყანა

დღე #16 – ბროწეულისა და ალუბლის წვენი კულა

დღე #15 – კასრის ლუდი, ნატახტარი

დღე #14 – ეფექტი ჩაი, ავერსი რაციონალი

დღე #13 – ნექტარი – ჩვენი ფორთოხალი, კამპა

დღე #12 – ტყემალი ოდა, GNP

დღე #11 – კაპალე, მეგრული საწებელი

დღე #10 – ლიმონათი ზედაზენი

დღე #9 – სარდელი კაიზერი, ნიკორა

დღე #8 – ხინკალი ქალაქური, თოლია

დღე #7 – ტომატი, M-მარნეული

დღე #6 – კვერცხი, პატარძეული

დღე #5 – ზეთი ქარვა

დღე #4 – იოგურტი, სანტისიმო

დღე #3 – ნუგბარ ხაჭო, დელიო, მილკოფუდი

დღე #2 – არომატული შავი ჩაი რჩეული

დღე #1 – შავი მარგალიტი, ბარამბო

დასაწყისი – ქართული ყველაფერი კარგია!

 

მრავალ ახალ წელს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად თქვენს ოჯახებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად!

კომენტარი

Tags: ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.