კაზანტიპი & kaZantip = სექსი, ცეცხლი & სანახაობა

კაზანტიპი-kazantip

 

კაზანტიპი & kaZantip = სექსი, ცეცხლი & სანახაობა! მეტი რა უნდა ტურისტს? მოდით ამ წერილით ჭიქაში „ატეხილ“ აურზაურს ემოციური შეფუთვის გარეშე შევხედოთ და დავინახოთ პოზიტივი, რასაც მე პირადად ვხედავ …

ჩემი აზრით ორგანიზატორები ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდნენ თუ ქართული საზოგადოება ასეთ „უფასო“ პიარს გაუკეთებდა ელექტრონულ ფესტივალს. მე პირადად დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, რომელმაც თუნდაც ერთი კრიტიკული აზრი გამოთქვა. თქვენ მეგობრებო, არა მხოლოდ თქვენი პოზიცია დაიცავით [რასაც მე მხოლოდ ფაქტად ვიღებ], არამედ თქვენი „გამოსვლებით“ კარგი რეკლამა გაუკეთეთ ე.წ. „გარყვნილების ფესტივალს“.

კაზანტიპი რატომ არის დადებითი მოვლენა ჩემი აზრით?

კაზანტიპი ფესტივალია! ეს პირველ რიგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალია ყველა თავისი ატრიბუტიკით. ეწვიეთ საიტს, ეწვიეთ facebook გვერდს, გადახედეთ ფესტივალის ისტორიას, ნახეთ რა დიჯეები გამოდიან, ნახეთ რა ზღვა ხალხია სტუმრად, ნახეთ რა ცეცხლი, „სექსი“ და სანახაობაა ეს ყველაფერი. მინდა თუ არა ასეთი ფესტივალი საქართველოში? რა თქმა უნდა მინდა!

ეს ქვეყნისთვისაა კარგი! დღეს ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის რუკაზე „ხაჭაპურითაა“ ცნობილი და სატრანსპორტო რუკაზე „აბრეშუმის გზით“. მინდა თუ არა რეგიონის განვითარება და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად ქცევა? მინდა თუ არა ეს ქვეყანა უკეთესი „დერეფანი და რესტორანი“ იყოს? მინდა თუ არა ქვეყნის ცნობადობის გაზრდა მსოფლიოში? რა თქმა უნდა მინდა!

ეს გამრჯე ხალხისთვისაა სასარგებლო! მაგრამ არა უსაქმურებისათვის … მინდა თუ არა ზოგიერთის „ბნელ“ გონებაში „სინათლე“ შევიდეს? მინდა თუ არა რომ გამრჯე ქვეყნის მოქალაქემ შემოსავალი მიიღოს? მინდა თუ არა უამრავმა სტუმარმა სიამოვნება მიიღოს? მინდა თუ არა ქვეყანამ და ხალხმა აქედან კონკრეტული შემოსავალი მიიღოს? რა თქმა უნდა მინდა!

ეს ტურიზმის განვითარებისთვისაა კარგი! მინდა თუ არა ათიათასობით ტურისტის ჩამოსვლა საქართველოში? მინდა თუ არა ასეთი რამ ყოველწლიურად ტარდებოდეს, რომ აქ ხალხი აწყდებოდეს და 5 მილიონი ტურისტის მაგივრად სულ უფრო მეტი შემოვიდეს წლიდან წლამდე? მინდა თუ არა, რომ საქართველოს პოტენციურ სტუმარს ჩამოსასვლელად კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდეს? რა თქმა უნდა მინდა!

და ბოლოს, ჩემი წინადადება მათ ვინც არ მეთანხმება …

სხვის ბორბალში ჯოხის გაყრას იმას ჯობია მიხედეთ, რომ სადარბაზოში არ აფურთხოთ, ქუჩაში ნაგავი არ დაყაროთ, პიკნიკზე რომ წახვალთ ანთებული მუგუზალი არ დატოვოთ, მანქანა ტროტუარზე არ შემოაყენოთ, ქუჩაში წესების დაცვით იარეთ, არ გაილეშოთ, ცოლებს არ ურტყათ, და ქვეყანა მარტო სადღეგრძელოებში კი არ მოიხსენიოთ, არამედ რეალურად დააფასეთ იგი და თითოეული მისი გამრჯე და მარიფათიანი მოქალაქე!

 

კომენტარი

Aug 20 2014 Tariel Zivzivadze Category: პოზიცია ყველა აქტივობა

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.