2014 წლის 8 თებერვალს Nx Conference 2014- ში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც დაჯილდოვდნენ წლის Nx-ელები [ფრიად დამსახურებულად], რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „გლობალიზაცია და ინოვაციური საქართველო“. საკმაოდ საინტერესოდ წავიდა ყველაფერი. ცხადია თავისი აზრი ყველამ თქვა, დარბაზიც ჩაერთო და „დღე შედგა“! ამ სტატიით მინდა კიდევ ერთხელ [წერილობითი ფორმით] დავაფიქსირო ჩემი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში.
2001 წელს ბიზნეს სტაჟირების პროგრამით ვიყავი აშშ-ში …
ეს იყო პროექტ ჰარმონიას საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა …
წასვლამდე მცირე ორიენტაცია ჩაგვიტარეს …
მოკლედ, იქაური კულტურული თავისებურებები გაგვაცნეს …
გამიჩნდა აზრი, რომ რამე ქართული კერძის გაკეთება მესწავლა და იქ გამეკეთებინა ….
და სპეციალურად ამ მიზნით ბიძაჩემმა მასწავლა ხინკლის გაკეთება …
ჩაფიქრებული კი წარმატებით „განვახორციელე“ …
აი ეს იყო ჩემი პირველი შეხება გლობალიზაციასთან!
ანუ ჩემთვის გლობალიზაცია არის შანსი იმისა, რომ უნიკალურად წარმოადგინო შენი თავი, შენი პლიუსები და შენი განუმეორებელი შესაძლებლობები გლობალურად …
დღეს ჩვენ ვიხრჩობით ინფორმაციაში …
დღეს ჩვენ უმოწყალოდ გვაბოლებს თანამედროვე მედია, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს ტვინში ნაგვის ჩატენას …
ჩვენი გონება ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა გზავნილით ბინძურდება …
და ამ პირობებში რთულია საშუალო ადამიანს ინოვაციაზე, გლობალიზაციაზე და სხვა მსგავს „ციებზე“ და „იზმებზე“ საღად ფიქრი მოთხოვო …
რთულია ელოდო, რომ ვინმე გამო-სათაყვანებელ სერიალებს თავს დაანებებს და მასშტაბურად იაზროვნებს …
რას ნიშნავს სიტყვა გლობალიზაცია?
ეს არის საზღვრების მოშლა, მანძილების გაქრობა, ადამიანების პირდაპირი კონტაქტი ერთმანეთთან …
ეს არის ინტეგრაცია …
მრავალი ქვეყანა იყო ერთ დროს ჩაკეტილი. დღეს კი სპეც სამსახურებიც კი ვერ ახერხებენ საზღვრების ჩაკეტვას … იდეის ჩაკეტვას … ინტერნეტმა ყველა კარი გააღო …
მაგრამ ინტეგრაცია სხვადასხვანაირად ესმის ყველას …
ჩრდილოეთში მაგალითად ეს მეტად ორიგინალურად გაიგეს …
იქ ინტეგრაცია პირდაპირი გაგებით ოლიმპიურ ტუალეტებში განახორციელეს …
მაგრამ გლობალიზაცია არ არის ცალსახად ცუდი რამ, მრავალკლანჭიანი ბოროტება, რომელიც შენს ეროვნულ ყოფიერებას ამოძირკვით ემუქრება …
გლობალიზაცია არ არის მხოლოდ საფრთხე, რომ კუდამოძუებული ძაღლივით გაექცე და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტო …
გლობალიზაცია არ გთხოვს ჩოხის გახდას და მის მაგივრად შარვალკოსტუმის ტარებას …
გლობალიზაცია არ გთხოვს ქართული სუფრა შვედურ მაგიდად გადააქციო …
გლობალიზაცია არ გთხოვს მწვადს თავი დაანებო და ჰამბურგერზე გადახვიდე …
გლობალიზაცია უბრალოდ ბუნებრივი პროცესია და იცით …
ის ჩვენს ირგვლივაა, იგი მიმდინარეობს გინდა ეს თუ არ გინდა …
ეს აზვირთებულ ტალღას ჰყავს, რომელიც ან გადაგივლის და დაგანგრევს, ან მას ზემოდან მოვექცევით და „გავაჭენებთ“ …
დგება შეკითხვა … როგორ?
მცირე ერებისათვის გლობალიზაციის პირობებში ერთადერთი სტრატეგია იმუშავებს: განესხვავე ან მოკვდი!
დღევანდელ მსოფლიოს ვერ შესთავაზებ სუპერ-პუპერ ინოვაციას …
დღევანდელ მსოფლიო მოქალაქეს ვერაფრით გააკვირვებ …
არცაა საჭირო …
ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტა ცხვირ წინ გვაქვს …
ჩვენ კი სადღაც ვიყურებით …
არანაირი განსაკუთრებული ინოვაცია არ არის საჭირო იმისათვის იყო განსხვავებული …
ჩვენ, 3000-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ერი ვართ …
გვაქვს უნიკალური ქვეყანა თავისი ხალხით, ენით, ტრადიციებით, კულტურით, გაგებით და ა.შ. …
წარმოვაჩინოთ ჩვენი პლიუსები …
ჩვენი უნიკალობა ….
ჩვენი განსხვავებულობები …
ჩვენი ისტორიული მიღწევები …
ჩვენი თანამედროვე მიღწევები …
ყველაფერში!
ანუ,
გლობალური მიღწევებიდან ავიღოთ ის რაც სასარგებლოა …
დავამატოთ ის რაც საკუთრივ ჩვენია …
და მივიღებთ იმ უნიკალურობას, რომელიც წარმოგვაჩენს …
ამის შემდეგ უკვე გლობალიზაცია იმუშავებს ჩვენზე!